დავით სუბელიანი - პრეპარატები, რომლებსაც პოლიცია მომხმარებლებისგან ყოველდღიურად ამოიღებს, სახელმწიფოს მიერ უნდა იტესტებოდეს ​
დავით სუბელიანი - პრეპარატები, რომლებსაც პოლიცია მომხმარებლებისგან ყოველდღიურად ამოიღებს, სახელმწიფოს მიერ უნდა იტესტებოდეს ​

პრეპარატები, რომლებსაც პოლიცია მომხმარებლებისგან ყოველდღიურად ამოიღებს, სახელმწიფოს მიერ უნდა იტესტებოდეს და შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია ეძლეოდეს, ბაზარზე რა ახალი პრეპარატი გამოჩნდა, – ამის შესახებ „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა, დავით სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამის შემდეგ, მოძრაობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სპეციალისტებმა, ზიანის შემცირების ქსელმა და სამედიცინო პერსონალმა მომხმარებლებთან კომუნიკაციის, მათი მკურნალობის და ზიანის შემცირების სტრატეგია უნდა ააგონ“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ევროპაში ადრეული შეტყობინების, განგაშის სისტემები ძალიან კარგად ფუნქციონირებს, ინფორმაციის გადამუშავება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და შესაბამისი მიმართულებით, სტრატეგიების დასახვა მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ მომხმარებელს მტკიცებულებების გარეშე, სავარაუდო, დაუდასტურებელი რისკების თაობაზე ვესაუბრებით. ამ ფონზე, როცა სახელმწიფო ასე ორჭოფობს და ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად მდუმარე მდგომარეობაშია გადასული, საკლუბო სივრცეში, ღამის ინდუსტრიაში ეს ამბები ხდება. ადამიანების ნივთიერების მიღების გამო მოწამვლა და გარდაცვალება ჯანდაცვითი პრობლემაა და გვიკვირს, რატომ არ ჩანს ეკრანებზე ბატონი სერგეენკო, რომელიც უნდა საუბრობდეს, რამ გამოიწვია გარდაცვალება და როგორია ექსპერტიზის პასუხები“, – განაცხადა სუბელიანმა.

„მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ღამის კლუბები შეშფოთებული არიან და ფიქრობენ, პროაქტიური ნაბიჯები თავად გადადგან, რადგან ბოლო დროს მომხდარი ფაქტები მთლიანად ინდუსტრიას, კულტურას და ახალგაზრდობას ურტყამს.