დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„მინისტრმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი განათლების და მეღვინეობის მიმართულებით ცოდნის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.
იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.