დავით სონღულაშვილი რომში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველო, როგორც მცირე ზომის, მაგრამ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანა, მოცულობით ვერ შეეჯიბრება მასიური წარმოების მქონე სახელმწიფოებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხზე, უნიკალურობასა და მდგრადობაზე. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სტრატეგია მიზნად ისახავს ნიშური და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, რაც გამოკვეთილად განასხვავებს ქართულ აგროსექტორს გლობალურ ბაზარზე,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა რომში, FAO-ს 44-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მონაწილეობს.
დავით სონღულაშვილმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოტენციალზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოზე გაამახვილა.
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც მსოფლიოში აღიარებულ ღვინის სამშობლოს, ღვინის წარმოების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდმა, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება, საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და დაფასდა იუნესკო-ს მიერ. ეს მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ჩვენი წარსულის ნაწილი – ეს არის ცოცხალი ტრადიცია, რომელიც დღესაც გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ სამყაროში, სადაც მრავალი გლობალური გამოწვევაა, საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და მის წევრ ქვეყნებთან აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად ინოვაციების, შესაძლებლობების განვითარებისა და სოფლად ინვესტიციების გზით.
მინისტრმა ყურადღება თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება აგროსასურსათო სისტემების უფრო მეტი მედეგობისა და მოქნილობის მისაღწევად.
„ბოლო წლებში საქართველომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები აგროსასურსათო სექტორის მოდერნიზაციისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ აგროსასურსათო ექსპორტის, წარმოების მოცულობისა და დამატებითი ღირებულების თანმიმდევრული ზრდა. 2024 წელს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა რეკორდულ მაქსიმუმს, 1.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ინკლუზიური ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არცერთი ფერმერი არ დარჩეს ყურადღების მიღმა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას“, – განაცხადა მინისტრმა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაზე, რომელსაც FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის (194) წარმომადგენლები და 50-მდე მინისტრი ესწრებოდნენ, განხილვის მთავარი თემა აგროსასურსათო სისტემების არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.