დავით სონღულაშვილი - ქვეყნის მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს
დავით სონღულაშვილი - ქვეყნის მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს

ქვეყნის მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

დავით სონღულაშვილი გამოეხმაურა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევას.

„მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას ეს დიდი წარმატება. ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის შემდეგ დაზიანდა. შესაბამისად, ეს მიღწევა არის ძალიან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს, მზად არის, რომ ახალი განაცხადი გააკეთოს ამ სექტორში და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზურაბ პოლოლიკაშვილს.

აგრეთვე მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოცემულობა საკმაოდ მძიმეა კოვიდპანდემიის შემდგომ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებლები, რაც ფიქსირდება. კონკრეტულად, აპრილის თვეში 45% ეკონომიკის ზრდა და წლიური მაჩვენებელი პირველი იანვრიდან აპრილის ჩათვლით 8.1% გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმ პოზიტიურ მესიჯებს, რომლითაც გადაანგარიშდა და საპროგნოზო მაჩვენებელი 3.5%-დან 6.5 %-ზე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად არის თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების დამსახურება, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა, შესაბამისად, ამ ნაბიჯების გამო და ამ განხორციელებული თანმიმდევრული მოქმედებების გამო მყარდება ლარი. ერთ-ერთი კომპონენტი არის ეკონომიკის გახსნა და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა იყოს პოზიტიური, ეკონომიკის აღდგენა იყოს სწრაფი და შესაბამისად, შევძლოთ იმ ფორმატში დაბრუნება, რაც კოვიდპანდემიამდე იყო.

ტურიზმი ამისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.