დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს, ავი დიხტერს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს, ავი დიხტერს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს, ავი დიხტერს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ამასთან, გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმიც.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

„ორ ქვეყანას შორის არსებობს დიდი შესაძლებლობები როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის, ასევე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მომზადდება მემორანდუმი, რომელიც მომავალში გაფორმდება და გახდება ძლიერი საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორებიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი, ხოლო ისრაელიდან საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან. ვაპირებთ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე, რათა კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიწიოთ. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს სასწავლი ერთმანეთისგან“, – განაცხადა ავი დიხტერმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, კახა კაკაბაძე, ზურაბ ეზუგბაია, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირები.