დავით სონღულაშვილი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ყველაზე მასშტაბურია საქართველოში, ეს არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, თავიანთი ღვინოები ფართო აუდიტორიას გააცნონ
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“ დაესწრო.
როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, ფესტივალი მეცხრედ ტარდება და მასშტაბური სახე მიიღო.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, ოქტომბრის მეორე შაბათს გურჯაანმა უამრავ სტუმარს უმასპინძლოს. ეს არის განსაკუთრებული დღე, როგორც კახეთისთვის, ისე საქართველოსთვის; ეს არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, მეღვინეებისთვის, რომ საკუთარი ღვინოები გააცნონ ფართო აუდიტორიას; ეს არის შესაძლებლობა, საქმიანი კონტრაქტების გაფორმების და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ღვინის ფესტივალს მონაწილეებისთვის. მოგეხსენებათ, შარშან ფესტივალს 30 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია, წელს უფრო მეტს ველოდებით. ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება მასშტაბები. 500-ზე მეტი მონაწილე გვყავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის აქტუალობას. მინდა, წარმატება ვუსურვო გურჯაანის ღვინის ფესტივალს, მუნიციპალიტეტს და რეგიონს. „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალია საქართვლოში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა და ღვინის მწარმოებლებს შეხვდა. ღონისსძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საკანონნდმებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანია ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების განვითარება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც დიდი, ისე მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ღვინო, ტრადიციული კერძები, ხელნაკეთი ნივთები და კულტურული პროგრამა.
ფესტივალი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.