დავით სონღულაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებაში.
„განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან. ეს უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ თითოეულ მათგანს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს სონღულაშვილი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.