დავით სონღულაშვილი - აგროთანადაფინანსების პროგრამა მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს, მისი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა მონიტორინგის სისტემის გაძლიერება
დავით სონღულაშვილი - აგროთანადაფინანსების პროგრამა მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს, მისი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა მონიტორინგის სისტემის გაძლიერება

აგროთანადაფინანსების პროგრამა ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული, მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა, არამედ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს უპირატესობა, საექსპორტო ბაზრებისთვის გახდეს საინტერესო.

„საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მასობრივი პროდუქციის წარმოებაში. თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი სექტორია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის განსაზღვრა. აქამდე ამისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც გარკვეული საფუძველი მისცა ახალი პროექტის ჩამოყალიბებას. აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობაში ჩართულები იყვნენ დარგის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. გაზიარებული გვაქვს მცირემიწიანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. პროექტი ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს. გასულ წელს ყველა რეგიონში გვქონდა შეხვედრები ფერმერებთან, გამოიკვეთა არაერთი საჭიროება მათი მხრიდან და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მათ საჭიროებებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრისას დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.

„გამჭვირვალობა პროექტებს მატებს სანდოობას. ზუსტად ამიტომ მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს, რათა ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფერმერების მხრიდან. თავიდანვე ნახონ, როგორ უნდა გაჰყვნენ პროცესს, რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა გაითვალისწინონ და რატომ მიიღეს ან ვერ მიიღეს მხარდაჭერა; რა აქვთ გასაძლიერებელი და სად შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დამატებით“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა განცხადა, პროექტი რომ დაფინანსდეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განმახორციელებლის კვალიფიკაცია –   აქვს თუ არა შესაბამისი გამოცდილება, ჰყავს თუ არა შესაბამისი აგრონომი, შესაბამისი სპეციალისტი. მისივე განცხადებით, ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა პროექტის წარმატებისთვის, თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაა, რაც თითოეული პროექტის უფრო ეფექტიან და წარმატებულ განხორციელებას უზრუნველყოფს.

„ფაქტობრივად, ამ პროგრამისა და რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე არის მონიტორინგის სისტემის გაძლიერება. ხშირად გვქონია შემთხვევები, როდესაც ფერმერები იწყებენ ბაღების გაშენებას ან სხვა პროექტებს და შემდეგ აწყდებიან სირთულეებს. სწორედ მონიტორინგის სისტემები უზრუნველყოფს, რომ ასეთი გამოწვევები დროულად გამოვლინდეს და გადაიჭრას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აგროსექტორში პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ სფეროებს, რომლებიც დამატებით გაძლიერებას საჭიროებს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და ექსტენციის სერვისების განვითარებაა, რაც ფერმერებისთვის ექსპერტულ მხარდაჭერასა და კონსულტაციების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.

„თუ გვინდა, მივიღოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, აუცილებელია თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ ფერმერებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ცოდნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მექანიზაციაზე. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია მექანიზაციის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც პირდაპირ აისახება აგროპროდუქციის ხარისხსა და სექტორის ეფექტიანობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასურსათო უსაფრთხოების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სადაც ფერმერული მეურნეობები ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
მისივე თქმით, პერსპექტიულია ახალი მიმართულებების – აკვაკულტურისა და მარიკულტურის განვითარებაც. ამ ეტაპზე საქართველოში აღნიშნულ სექტორში პროდუქციის დაახლოებით 85% იმპორტირებულია, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული კომპლექსური და მიზანმიმართული რეფორმები შექმნის საფუძველს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და ქვეყანამ შეძლოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება.