დავით სერგეენკო - უცნაური და არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
დავით სერგეენკო - უცნაური და არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რომ შემოდის კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, დროზე შემოსულიყვნენ და ამხელა აურზაური თავიდან აგვეცილებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მათ ქცევებში მინიმუმ არათანმიმდევრობაა. თავიდან პარლამენტს მკაცრად აკრიტიკებდნენ და თვლიდნენ, რომ ის არალეგიტიმურია. შემდეგ მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო. როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია მათი გადაწყვეტილება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ადამიანებს საშუალება მივცეთ, საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნან“,- განაცხადა სერგეენკომ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.