დავით სერგეენკო - საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც „ლელო“ გვთავაზობს, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტაბუდადებული თემაა, რეზოლუციის განხილვას თავისი წესი აქვს და ეს გზა გავიაროთ
დავით სერგეენკო - საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც „ლელო“ გვთავაზობს, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტაბუდადებული თემაა, რეზოლუციის განხილვას თავისი წესი აქვს და ეს გზა გავიაროთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვას თავისი წესი და რიგი აქვს.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციის პროეტში წერია ის, რაც საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს. სერგეენკოს განცხადებით, საქართველო ჯერ კიდევ მარტში იყო ინიციატორი, რომ ჰააგის სასამართლოს რუსეთის სამხედრო დანაშაულები შეესწავლა.

„მართლაც წარმოუდგენელი დანაშაულია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს გამოკვეთილად სამხედრო დანაშაულია, თუმცა თავისი პროცედურა და ჰააგის სასამართლო აქვს. საქართველომ, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტში გააკეთა ინიცირება. ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჰააგის სასამართლოში, რომ მომხდარიყო სწორედ ამ სამხედრო დანაშაულების შესწავლა და შესაბამისი ვერდიქტის მიღება. „ლელოს“ ინიციატივა ამას იმეორებს, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს. საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც ახლა „ლელო“ გვთავაზობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტაბუდადებული თემაა. ასე ბრიფინგიდან შემოთვლით რთულია ხოლმე, აბა, ახლა თქვენ რას იზამთ. თავისი წესი, რიგი აქვს ამ რეზოლუციის განხილვას და ეს გზა გავიაროთ. შინაარსობრივად, რაც რეზოლუციის პროექტში წერია, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს. ცალსახად არასწორია ასე ნათქვამზე, მოძახილზე, შემოთვლაზე და მოწოდებაზე რაღაც მსჯელობა და სტრუქტურების აწყობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ლელომ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე. რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.