დავით სერგეენკო - სააკაშვილს უტარდება სპეციალისტების კონსულტაცია, კვლევები, რასაც დანიშნავენ, თუ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება, თუ საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა
დავით სერგეენკო - სააკაშვილს უტარდება სპეციალისტების კონსულტაცია, კვლევები, რასაც დანიშნავენ, თუ შესაძლებელი იქნება, ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება, თუ საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა

დღეს საღამოს კოლეგებთან ერთად ვიყავი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაიცას მალევე მოხერხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი-სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და ზოგადად რა სერვისები არიან საჭირო ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

მისივე თქმით, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც იქნებ მისთვის აუცილებელი.

„კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ. აქამდე ჩატარებული კონსილიუმები მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულების ერთგვარი აუდიტისადმი, თუ რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას პოტენციურად ასეთ პაციენტის მართვა. დღევანდელი კონსულტაციები, რომლიდანაც ერთ-ერთი ნევროლოგიური უკვე დასრულდა, მიძღვნილია კონკრეტულად იმ მდგომარეობისათვის, რაც განვითარდა საღამოს საათების განმავლობაში ამისთვის რა კვლევები და კონსულტაციები არის საჭირო, ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, უახლოესი საათების განმავლობაში. თუკი ეს კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. ერთადერთი გადაწყვეტილების საფუძველი არის, სამედიცინო ჩვენებები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, პაციენტი ახლა იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში და არა იზოლირებულ ციხის საკანში და მასზე მეთვალყურეობას ახორციელებს სამედიცინო პერსონალი.

„საკმარისი არის თუ არა ის რესურსები ადამიანური და ტექნოლოგიური, რაც ახლა არის, გაირკვევა უახლოესი საათების განმავლობაში, როდესაც სპეციალისტები, კონსულტანტები გვეტყვიან ამის შესახებ. დაიგეგმა კონსულტაციები, ერთი უკვე დასრულდა, დაწყებულია მეორე და უახლოესი საათების განმავლობაში სრული სამოქმედო გეგმა გვექნება ხელთ. მე დღეს შეხვედრა მქონდა ამ დაწესებულების სამსახურის უფროსთან, მთავარ ექიმთან, რეანიმატოლოგითან მიწვეულ ექიმთან და მის მკურნალ ექიმთან“, – განაცხადა სერგეენკომ.