დავით სერგეენკო - პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად
პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
დავით სერგეენკოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ ნიკა მელია გირაოს მაინც გადაიხდის.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, უმრავლესობაში ბევრი არგუმენტების გაცვლა გვქონდა. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ იმუნიტეტი შეჩერებული იქნება. აქამდე რამდენიმე ფაქტორმა მიგვიყვანა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ კონკრეტულად მისდამი უსამართლო იყო გადაწყვეტილება მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მეორე ის, რომ სპეციალურად დავინტერესდი, თუ რამდენი ადამიანი ატარებს დღეს საქართველოში იგივე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზების გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე ადამიანი. ძალიან რთული იქნება მათთვის ასახსნელად, რატომ მოვიქეცით ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად და არაპოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, სერგეენკომ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ კეთდებოდა შეფასებები და ანალიზი.
„ხშირად მიდიოდა ამაზე მსჯელობა. ერთი მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ დაძაბულობაზე, მხოლოდ პროტესტზე და საერთოდ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქმიანმა დისკუსიამ პარლამენტში გადმოინაცვლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ამ დღის წესრიგს შეინარჩუნებენ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო პარლამენტს, კი ან არა. ამიტომ გადაწყვეტილება იყო, რომ კანონის შესაბამისად მოვიქცეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, დავით სერგეენკოს თქმით, ოპოზიციური ერთობა ძალიან პირობითი იყო და ეს არ იყო ღირებულებითი ერთობა.
„ეს იყო არა მიზნებისა და ღირებულებების ერთიანობა, არამედ იყო კონკრეტული ამოცანის ირგვლივ შეკრებილი პოლიტიკური ჯგუფები, რომლის ამოცანაც იყო ძალაუფლების მოპოვება. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს, რომ მათ რეალურად დაინახეს, პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ამიტომ, ყველაზე რბილი დეფინიციით, დაიწყო რაღაც რეორგანიზაცია. მათი რიგების გადალაგება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.