დავით სერგეენკო - ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული
„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებიდან არც წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში, – განაცხადა თემის კომენტირებისას უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.
„მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. 2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ალბათ, იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება.
ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგითვალეს ოპოზიციიდან. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.