დავით სერგეენკო - მთავარი, არა კონკურენტულ პაექრობაზე დროის ხარჯვაა, არამედ იმაზე კონცენტრირება, რითაც შეგიძლია, შენს ამომრჩეველს მხარში ამოუდგე
დავით სერგეენკო - მთავარი, არა კონკურენტულ პაექრობაზე დროის ხარჯვაა, არამედ იმაზე კონცენტრირება, რითაც შეგიძლია, შენს ამომრჩეველს მხარში ამოუდგე

საბურთალოს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავარია, არა კონკურენტულ პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ კონცენტრირება და ფოკუსირება იმაზე, რითაც შესაძლებელია, დაეხმარო და მხარში ამოუდგე ამომრჩეველს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივიც სწორედ ასე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკომ მინისტრობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, რამდენად წარმატებული იყო ამ პოსტზე.

„რაც შეეხება მინისტრობის წარმატებულობას, ეს საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, თუმცა, სხვათა შორის, მაშინ დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი წელი, ორი გამონაკლისი იყო, მე შვიდი წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, პარლამენტარის პოზიცია ასევე საპასუხისმგებლოა, თუმცა სხვა სპეციფიკა აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გუნდურობის პრინციპით არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. ექიმის ლოგიკაა, რომ საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიაში არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე ასწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ასეთი საქმის გაკეთება შეძლო. თავს ვალდებულად ვგრძნობ, მხარში ამოვუდგე და ფოკუსირებული კონცეტრირება გავაკეთოთ ამ მიმართულებაზე“, – აღნიშნა სერგეენკომ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დავით სერგეენკო საბურთალოს საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.