დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხისტი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული
დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხისტი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შანსი მიეცემათ და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხისტი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, პარლამენტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ოპოზიციის საქმიანი კრიტიკა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემებია მოსალოდნელია და სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად უნდა მუშაობდნენ.

რაც შეეხება კითხვას, „ქართული ოცნების“ ლიდერები დიპლომატების გარეშე ხვდებიან თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, სერგეენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მთავარი ფორმატი ელჩების ჩართულობა იყო, ეს არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები წარიმართოს სხვა კანონიერი ფორმატითაც, როგორიც იქნება შეხვედრები და შუამავლობა.

„არც ვიცი და საჭიროდ არ ჩავთვლიდი, დამეკონკრეტებინა, ვინ ვის ხვდება, მაგრამ ნორმალური პროცესი მგონია, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რათა პარლამენტმა გამართულად იმუშაოს. იმ პარტიასთან, ვისაც საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ალბათ, ურთიერთობა გართულდება. რაც შეეხება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, უმჯობესია, შანსი და შესაძლებლობები მიეცეს ყველას იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საჭირო და კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღოთ, ისეთი ხისტი ნორმები ნაკლებად უნდა იყოს, როგორიც არის შეწყვეტა“, – განაცხადა სერგეენკომ.