დავით სერგეენკო - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო
დავით სერგეენკო - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სახელმწიფოს არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და ამას ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, მან ამობეჭდა ევროსასამართლოს მიერ მიღებული დასკვნა, სადაც წერია, რომ სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი არ დაურღვევია და მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო.

სერგეენკო ამბობს, რომ ევროპული სასამართლო დადებითად აფასებს იმ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების 5 დღეზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენახვას გულისხმობს.

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თან მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის, მთავრობისთვის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი და, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაადგინეს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა. ასევე დადებითად შეფასდა დაგეგმილი ცვლილება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების ხუთზე მეტი დღით შენახვას გულისხმობს. წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ეს მე რაც ვნახე და თვითონ წავიკითხე, არ დავიზარე, ამოვბეჭდე და შემიძლია, მოგცეთ, თუ სურვილი გექნებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.