დავით სერგეენკო - ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა
პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შევა.
„აქამდე ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა, ახლა იქნება კონკრეტიკა. ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია, ეს ყველაფერი შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ აქტივობას აქ გააგრძელებს. რა პირობები იქნება, დღეს გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, შეკითხვაზე, ელოდება თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს მოლოდინი აქვს.
„შეიძლება, ეს რეალობა ვიხილოთ და ეს მოლოდინიც მაქვს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მთლიანად ოპოზიცია, ოპოზიცია სხვა პარტიებისგნაც შედგება, ეს იქნება სერიოზული და ეფექტიანი ტესტი იმისთვის, ვინ აყენებს პირველ ადგილზე პარტიულ ინტერესებს და ვინ – სახელმწიფოსას. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა არ შეიძლება, რომ ეს ოპოზიციის ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ეს მაშინ, როცა არჩევნები მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა. ერთი წონადი არგუმენტი მაინც უნდა იყოს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. რაც შეეხება პატიმრებს, აქ პოლიტიკა ნაკლებად არის და არის მართლმსაჯულება. თუ ეს საკითხი განმუხტავს ვითარებას, შეიძლება მოძებნილი იყოს რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება და არა პარტიული ინტერესებზე დაფუძნებული“, – განაცხადა სერგეენკომ.