დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია
დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

„დღეს მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უკვე მეოთხე შეხვედრა. ყოველწლიურად იმართება ეს შეხვედრები, სადაც ეხმარებიან ამ პროგრამის გაუმჯობესებაში. დღევანდელი შეფასებით, მათი ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და შეფასებები არის პოზიტიური. უკვე გამოკვეთილია სლოგანი, რომელიც ადრე ბუნდოვნად ჩანდა, რომ საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი პოლ ვეიდლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ის, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან.