დავით სერგეენკო - აშშ-ის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი, სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად
პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ამერიკის საელჩოსთან არსებული კომუნიკაციის ფორმა სრულყოფილი არ არის.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ცოტა არ იყოს, ასეთი კომინიკაცია – ეპისტოლარული, ცალმხრივია.
„დეპუტატებსა და საელჩოს, ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას. საბედნიეროდ, საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აქვთ. რაც შეეხება კომუნიკაციის ფორმას, კომუნიკაციის ფორმა არ არის სრულყოფილი. სწორი კომუნიკაცია არის გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა სერგეენკომ.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან.