დავით სერგეენკო - არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა დიდი პრობლემაა და რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის
დავით სერგეენკო - არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა დიდი პრობლემაა და რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის

არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა ძალიან დიდი პრობლემაა და ის, რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი დღეა, ახალი პროგრამა ამოქმედდა. ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ – თუ პაციენტს კითხვა გაუჩნდება, რომ მას მედიკამენტები არასწორად, ან ზედმეტად გამოუწერეს, მას საშუალება აქვს, დანიშნულების სისწორე ჯანდაცვის სამინისტროში გადაამოწმოს. ხუთი, ან მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, ექიმს თხოვნით მივმართავთ, თავისი მოსაზრება დაგვისაბუთოს, რადგან შეიძლება, ადამიანს ხუთზე მეტი მედიკამენტი დასჭირდეს. თუ ექიმი დაგვისაბუთებს, პროცესი წყდება, ხოლო თუ ვერ დაგვისაბუთებს, მისი საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, პროფესიული განვითარების საბჭოზე გარდა ფარმაკოლოგიურისა, დამატებით, კლინიკური ანალიზიც კეთდება და თუ ექიმმა საბჭო თავისი მოსაზრების სისწორეში ვერ დაარწმუნა, მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც საექიმო შეცდომაზე – შენიშვნა, გაფრთხილება, ლიცენზიის გაჩერება და ჩამორთმევა.

სერგეენკომ ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემისთვის დღეს, პირველი რიგის პრობლემა სამედიცინო დაწესებულების გარეთ მოსახმარ მედიკამენტებზე მიწვდომადობაა.

„სოციალურად დაუცველების შემთხვევაში, კონსოლიდირებული შესყიდვის მეთოდი გამოვიყენეთ, რამაც შესყიდვების ფასები თითქმის, გაგვინახევრა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ყიდვა სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ, ერთი ლარი დაუჯდებათ. ოღონდ არა ის, რაც ექიმს მოესურვება, არამედ ის, რაც პაციენტს მტკიცებაზე დაფუძნებით სჭირდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მეორე ფაზა დაიწყება, როცა პროგრამაში პენსიონერები და შშმ პირები ჩაერთვებიან, მაგრამ არა იგივე ფორმატით.

„პირველ ეტაპზე, მათ დიაბეტის მეორე ტიპის, მაღალი წნევის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მედიკამენტების შეძენა მაქსიმუმ, იმის ნახევარ ფასად შეეძლებათ, რასაც ახლა ხარჯავენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.