დავით ქევხიშვილი ძიუდოისტთა ბრალდებებს პასუხობს
დავით ქევხიშვილი ძიუდოისტთა ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტების ბრალდებების ნაწილს ერთ-ერთ სატელევიზიო თოქშოუში უპასუხა.

ქევხიშვილი ძიუდოისტების განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ისინი ე.წ. „ატკატების“ შესახებ საუბრობენ –

„მწვრთნელები შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომ მოხდებოდა თანხის გადანაწილება, რადგან ბიუჯეტი არ არის შეუზღუდავი. მწვრთნელის ზოგ კატეგორიას აქვს ხელფასი, ხოლო ზოგს არა. არის შეზღუდვები კვოტირებაში – მაგალითად 5 მწვრთნელზე მეტს ვერ დაუნიშნავ ბიუჯეტიდან ხელფასს, ხოლო საქმეს კი 10 ან 20 მწვრთნელი აკეთებს. თავად ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომ აიღებდნენ ამ ფულს და მოხდებოდა გადანაწილება. პირობითად, თუკი ერთ მწვრთნელს ექნებოდა ხელფასი 1000 ლარი, ის რაღაც თანხას შემოიტანდა ფედერაციაში და მეორე მწვრთნელი აიღებდა. ფედერაცია ამ ამბავში იყო შუამავალი, რომ ვინმეს ისე არ ეგრძნო თავი, თითქოს სამადლოდ იღებდა ფულს. ამ დოკუმენტში წერია შემომტანების სახელები და გვარები, თანხებით და ასევე ფულის მიმღებებიც. ორივე მხარე აწერს ხელს.”

შეგახსენებთ, რომ დღეს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დავით ქევხიშვილის მიმართ კონკრეტულ ბრალდებებსა და შეკითხვებზე საუბრობდნენ.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.