დავით ონოფრიშვილი - მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ დაზღვევის სამსახურში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება არსებობს
დავით ონოფრიშვილი - მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ დაზღვევის სამსახურში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება არსებობს

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელსაც შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიასთან დავის შემთხვევაში მიმართონ, – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სადაზღვევო სექტორის გამოწვევები განიხილეს, სადაც ერთ-ერთ პრობლემად მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა დასახელდა.

ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ სადაზღვევო სამსახურის ცხელი ხაზის გარდა, არსებობს კიდევ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური, რომელიც კომპანიასთან დავის შემთხვევაში, მომხმარებელს იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს.

„მოსახლეობის უმრავლესობამ არც იცის, რომ არსებობს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაც მოხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება მოქმედებს. როცა სადაზღვევო კომპანიასთან კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, შეუძლიათ მოგვმართონ როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირებმა. ჩვენ ასეთი წერილები მოგვდის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ვხვდები, რომ დიდმა ნაწილმა ეს არ იცის. სრული უფლებამოსილება გვაქვს, დავის საგანი შევისწავლოთ და დასკვნა დავდოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ სასამართლო, მაგრამ მომხმარებელს ვაწვდით ინფორმაციას, რამდენად სწორია მისი პრეტენზია სადაზღვევო კომპანიასთან მიმართებით. ჩვენთან განიხილება ეს დავა, ხოლო თუ მხარეები შეთანხმდებიან, დავა წყდება, თუ არა – გადავა სასამართლოში“, – განმარტა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ განყოფილებაში სამი თანამშრომელი მუშაობს, აუცილებლობის შემთხვევაში კი, გაფართოვდება.

დატოვე კომენტარი