დავით ნებიერიძე - ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო უბინძურესი სპეცოპერაცია
ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო უბინძურესი სპეცოპერაცია, რომელზედაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო ადმინისტრაციამაც ძალიან მკაფიო შეფასებები გააკეთეს, – ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ნებიერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შეფასებებში იყო ერთი ძალიან საკვანძო ფრაზა, რომ ეს უსამართლო არჩევნები იყო და ჩვენ მაინც უნდა გვესმოდეს, ეს რას ნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმაციის დონეზე უკვე, სასამართლომ და შემდგომმა ინსტანციებმა უნდა იმსჯელოს. საერთაშორისო ორგანიზაციები ამას პრაქტიკულად, არ ამბობენ“, – განაცხადა დავით ნებიერიძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მისთვის ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც უახლეს ისტორიაში ჩატარებულა.
„ეს არჩევნები იყო ძალადობრივი და არასამართლიანი. დიახ, ამ არჩევნებზე იგივე მოხდა, რაც 2012 წელს ხაშურში, როცა ავტომატიანი სპეცრაზმელები საარჩევნო უბანზე შევარდნენ, რადგან ამ არჩევნებზე სპეცრაზმელები ქუჩამ, ბანდიტებმა, ყაჩაღებმა და კრიმინალებმა ჩაანაცვლეს. ჩემი თანდასწრებით, დამკვირვებელთა ჯგუფზე ამ კრიმინალების თავდასხმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნებიერიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააკეთა, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, დავით ნებიერიძემ განაცხადა, რომ მართალია, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია, მაგრამ ეს მისი კონკრეტული აზრია და ეს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რადგან პოლიტიკაში ალტერნატიული აზრი დასაშვებია.
„უნდა ხდებოდეს დისკუსია, მსჯელობა და აზრის შეჯერება, მაგრამ როდესაც ოპოზიციის აზრზე ვლაპარაკობთ, ოპოზიციის აზრად ითვლება მხოლოდ ის, რაც ოპოზიციის უმაღლესი ტრიბუნიდან წარმოითქმება და არა პოსტის სახით. გაერთიანებულ ოპოზიციაში სალომეს მოსაზრებაზეც იმსჯელებენ, სხვისაზეც და საერთო ჯამში, ერთ აზრზე შეჯერდებიან, რომელსაც წარმოადგენენ. ეს არის დემოკრატიის ანი-ბანი და ამას მეორე მხარე ვერ იგებს. იმიტომ, რომ იქ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს“, – განაცხადა დავით ნებიერიძემ.