დავით ნარმანიამ ყვარლის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები გააცნო
დავით ნარმანიამ ყვარლის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქალაქ ყვარელის მოსახლეობას შეხვდა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით მათი შეფასებები მოისმინა.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა კომისიის წევრი და ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე. სემეკ-ის თავმჯდომარემ მოქალაქეებს გააცნო კომპანიების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე კომისიის რეაგირების მექანიზმები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები, სხვადასხვა სიახლე და მომსახურების მიღების გამარტივებული პროცედურები.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა სემეკ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ, საჯარო სხდომებზე ხშირად განვიხილავთ მოქალაქეთა საჩივრებს კომპანიების წინააღმდეგ. კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევებზე სემეკ-ი მკაცრად რეაგირებს. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შემცირდეს უფლებების დარღვევის ფაქტები, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის კომუნალური მომსახურების მიღება. პანდემიის პირობებში სპეციალურად მომხმარებლებისთვის შევიმუშავეთ არაერთი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ეტაპობრივად მივყვებით მომხმარებელთა მოთხოვნებს და ვახორციელებთ ახალ პროექტებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკ-ის თავმჯდომარემ მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა *303#-ის მომსახურების შესახებ. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.

როგორც აღინიშნა,*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.

ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა.