დავით ნარმანია - ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაიტანეს, რაც სემეკ-ის წესების დარღვევაა
დავით ნარმანია - ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაიტანეს, რაც სემეკ-ის წესების დარღვევაა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რას უკავშირდება დარღვევები, რომლებიც „თელასის“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისამართზე მისვლა და მომხმარებლებს იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს. ნარმანიას თქმით, ეს წესების დარღვევაა.

„ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს, რაც სემეკ-ის მიერ დადგენილი წესების დარღვევაა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად „თელასი“ დაჯარიმდა 75 ათასი ლარით. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო არასწორად დარიცხული თანხები, რომლებიც დაკორექტირდა. „თელასი“ აკეთებს დარიცხვებს, ამ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გადასცემს „თელმიკოს“, რომელიც აგზავნის ელექტრონულ ქვითრებს. ამდენად, „თელმიკოს“ ბრალეულობა ახლა ამ ნაწილში ჩვენ მიერ არ იქნა გამოკვეთილი და არ დაჯარიმებულა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დავით ნარმანია პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, დააინიცირონ ენერგეტიკის კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯარიმის მოცულობის გაზრდა იქნება შესაძლებელი.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მოგიწოდოთ დეპუტატებს, დავაინიციროთ ენერგეტიკის კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯარიმებს მეტად გავზრდით. გვინდა, მეტად დავაჯარიმოთ და კანონით ჯარიმის მოცულობა 75 ათასი ლარია. ამდენად, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენს წინადადებებს, გავზარდოთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მოცულობები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმების შემდეგ გამოვლენილი დარღვევების გამო „თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა, დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ.