დავით ნარმანია - მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება
დავით ნარმანია - მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 150 000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი აქვთ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია. თუმცა, თუ თითოეულ ოჯახში მცხოვრებელთა რაოდენობაზე გადამრავლდება, მილიონ მოქალაქეზე მეტია, როგორც ეს მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული. პროექტის და შესაბამისი ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს, ისევე, როგორც ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტები, რომელთაც დაუსუბსიდირდათ აღნიშნული ტარიფის ნაზარდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ტარიფიდან 3,5 თეთრი დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან. 2020 და 2021 იყო კოვიდპერიოდთან დაკავშირებული განსხვავებული ტიპის გადაწყვეტილებები სამთავრობო, საკოორდინაციო საბჭოსი, რომლის მიხედვით 2020 წელს ფინანსდებოდა მარტი-აპრილი-მაისის თვე, შემდეგ უკვე ნოემბერი-დეკემბერი, ანუ ამას შეიძლება დავარქვათ ზამთრის პერიოდის სუბსიდირება. 2021 წელსაც დიდწილად ასე იყო, ამდენად ახალი პროექტი განსხვავებულია, რადგან სრული წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენი დაფინანსდა, თვეების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მონაცემთა ბაზაშიც სოციალურად დაუცველები გარკვეულ პერიოდში ხან მეტია, ხან ნაკლებია. ელექტროენერგიის ბაზა ორივე კომპანიის შემთხვევაში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სოციალურად დაუცველთა მონაცემები ყოველთვიურად სინქრონიზებულია“, – განაცხადა ნარმანიამ.

იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება.