დავით ნარმანია - მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა სემეკ-ის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება
დავით ნარმანია - მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა სემეკ-ის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება

ენერგეტიკის ბაზრის ევროპულ მოდელზე გადასვლა გაგრძელდება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა სემეკ-ის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ე.წ. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სემეკ-ის დაგეგმილი პოლიტიკა და საპროგრამო საკითხები განიხილეს, რის მიხედვითაც ნარმანია თავმჯდომარის რანგში მუშაობს აპირებს. სემეკ-ის ხელმძღვანელის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და სამუშაო პროგრამაც წარადგინა. მისი დამტკიცების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული პროცედურული უზუსტობის გამო, კენჭისყრა გადაიდო. 

დისკუსიის დროს ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის ბაზარზე ევროპული მოდელის დანერგვის პროცესი გაგრძელდება, რაც მომხმარებელს მიმწოდებელი კომპანიის საკუთარი ნებით არჩევის საშუალებას მისცემს და კონკურენციას გააძლიერებს.

„ვინაიდან საქართველომ რამდენიმე წლის წინ ევროპის ენერგეტიკულ პაქტს ხელი მოაწერა და შეუერთდა, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნას მოახდენს, რაც ბაზრის ეტაპობრივად გახსნას გულისხმობს. ეს პროცესი დაწყებულია, ყველაზე მსხვილი მომხმარებლები ეტაპობრივად ღია ბაზარზე გადიან და ელექტროენერგიას იქ იძენენ. შემდეგ ეს ზღვარი ნელ-ნელა დაბლა ჩამოიწევს და როგორც ევროპულ ქვეყნებშია, იქნება ელექტრონული პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ყიდვა შეეძლებათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდება კონკურენცია. თუ დღეს გვყავს მხოლოდ ერთი მიმწოდებელი თბილისში „თელასისა“ და რეგიონებში „ენერგოპროს“ სახით, ასევე გაზის სექტორშიც გვყავს ბუნებრივი მონოპოლისტები, ევროპული მოდელი ამ ბაზრის ეტაპობრივად გახსნას გულისხმობს. ღია ბაზარზე მომხმარებელს შეეძლება უმცირესი ფასის მქონე მიმწოდებელი აარჩიოს და სწორედ აქ შემოდის კონკურენციის ელემენტები. ამიტომ ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონკურენციის უზრუნველყოფა, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, ჩვენი მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება. როგორც კი პარლამენტი ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ ახალ კანონს მიიღებს, ამის შემდეგ სემეკ-ს ოცამდე სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია აქვს მისაღები, რომლებმაც ეს სისტემა ახლებურად უნდა დაარეგულირონ. მათ შორის, მზად გვაქვს ბაზრის მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესი და როგორც კი, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი დასრულდება, ამ წესებს დავამტკიცებთ. სხვა მარეგულირებელი წესების პროექტებიც ეტაპობრივად მზადდება და მივიღებთ, რათა ეს სისტემა ახლებურად დარეგულირდეს“, – განუცხადა დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორს“.