დავით ნარმანია - ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება
დავით ნარმანია - ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება

ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება, – განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებების შეფასებისას.

მისი თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება ტარიფების გადათვლასთან დაკავშირებით.

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადები. „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო დადასტურებული შესაბამისად დოკუმენტურად, ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით, ასევე არ ითვალისწინებდა მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას. შევითანხმეთ მათი საინვესტიციო განაცხადები და ამ განაცხადების შეთანხმების შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები. მოსახლეობის ნაწილში, ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შეადგენს 3.5 თეთრს, ხოლო რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპიის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილი იქნა ცალკე ტარიფები 11-12 თეთრია დაახლოებით ზრდა.

თქვენი თვალითაც დაინახეთ, რომ კომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება და ყველა პროექტის გათვალისწინება. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენ მიერ დადგენილ წესებს, პრინციპებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ასევე, ტარიფი ძვირდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.