დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის
დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

მისივე თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ამასთან, როგორც დავით ნარმანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ბუნებრივი გაზის სექტორში დეკემბერში ახალი ტარიფები დადგინდება, თუმცა ზრდას არც ბუნებრივი აირის ტარიფზე ელოდებიან.

„ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, ასევე ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის ნაწილში. ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფები რაც გვქონდა დადგენილი, გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე. შესაბამისად, რაიმე სახის ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივი აირის ტარიფზეც არ ველოდებით.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ევროპასა და ჩვენს რეგიონში ბუნებრივ აირზე, ისევე როგორ ელექტროენერგიაზე, რაც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომით და სხვა ფაქტორებით არის გათვალისწინებული, თუმცა ეს საქართველოზე არ მოქმედებს.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წელს თითქმის 10%-ით გაიზარდა გამომუშავება. ეს გამოწვეულია იმით, წელს იყო უკეთესი ჰიდროლოგია, უხვნალექიანი წელი. მეორე მხრივ, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომუშავება. საქართველომ შეძლო, მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ვიდრე იყო წინა წლებში. შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაკლები იმპორტი განხორციელდა, ვიდრე ხდებოდა წინა წლებში. მეტიც, უხვმა ნალექებმა საშუალება მისცა ქვეყანას, ჭარბი ენერგიის პირობებში, მიმდინარე წლის ზაფხულში მეზობელ თურქეთსა და სომხეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განეხორციელებინა, საიდანაც ძირითად „ენგურჰესმა“ დამატებითი შემოსავლები მიიღო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიამ მოუწოდა მოსახლეობას, ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირის ხელსაწყოების უსაფრთხოება შეამოწმონ.

„მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო ბუნებრივი აირის ხელსაწყოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რათა ზამთრის სეზონის დაწყებამდე შეამოწმონ თავიანთი ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ აირს, რათა გაზის უსაფრთხოების წესები, ნორმები და სტანდარტები იყოს დაცული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები იქნება უცვლელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.