დავით ნარმანია - დღეღამურ ტარიფებამდე მაშინ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება
დავით ნარმანია - დღეღამურ ტარიფებამდე მაშინ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება

დღეღამურ ტარიფებამდე მას შემდეგ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები, მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა საათობრივად მოხდება, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საინიციატივო გეგმა, რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ძველი მრიცხველების გამოცვლა.

„დღეღამურ ტარიფებამდე მას შემდეგ მივალთ, როდესაც ყველგან დაყენდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები. დღევანდელი მრიცხველები არ იძლევა საშუალებას, საათობრივად მოხდეს მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა, რადგან იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი და წაიკითხოს. საათობრივად ყველა მრიცხველთან ფიზიკურად ადამიანი ვერ მივა, მაგრამ ჩვენ სულ ახლახან, ერთი თვის წინ დავამტკიცეთ წესი, რომლის მიხედვით, ყველა ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და სახლში კომუნალური კომპანიები პირველი ოქტომბრიდან სავალდებულო წესით აყენებენ ე.წ. ჭკვიან მრიცხველებს, ხოლო რაც შეეხება უკვე აშენებულ სახლებს, სადაც ძველი მრიცხველი დგას, დავამტკიცებთ უახლოეს პერიოდში კომუნალურ კომპანიებთან ერთად მათი გამოცვლის საინიციატივო გეგმას, რათა შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ამ მრიცხველების გამოცვლა. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა დღეღამური ტარიფების დადგენა.

ხოლო რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, როგორიც არის „საქართველოს რკინიგზა“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მელიორაცია და ა.შ. ახლა 21 კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მათგანმა 35-110 კვტ და 6-10 კვტ ძაბვაზე გამოცვალეს მრიცხველები და დააყენეს სმარტ მრიცხველები. ბირჟა როდესაც გაიხსნება, ისინი უკვე საათობრივად შეძლებენ ენერგიის ყიდვას. მეტს მოიხმარენ და საათობრივად მათ მიერ მოხმარებულ ენერგიას ექნება სხვადასხვა ფასი. ღამის განმავლობაში იქნება უფრო იაფი ტარიფი, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია. მაგალითად, რკინიგზას შეეძლება, ღამე გადაზიდოს ტვირთების ძირითადი ნაწილი და უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე დღის განმავლობაში უფრო მაღალი ტარიფით. ასე რომ, მსხვილი მომხმარებლების ნაწილში წინ ვართ და ეტაპობრივად, როდესაც ბირჟა ამოქმედდება და ბაზარი გაიხსნება, მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, ასე ვთქვათ, საშუალო ტიპის მომხმარებლებიც გავლენ ბირჟაზე. ისინიც ასეთი ტიპის მრიცხველებს დააყენებენ და მეორე მხრივ, მოსახლეობის ნაწილში საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ეტაპობრივად, კომუნალური კომპანიები, უფასოდ, დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე გამოუცვლიან მომხმარებლებს მრიცხველებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დატოვე კომენტარი