დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მის კანდიდატურას სემეკ-ის წევრობაზე მხარს დაუჭერს
დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მის კანდიდატურას სემეკ-ის წევრობაზე მხარს დაუჭერს

დღეს პარლამენტის სხდომაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის წევრობაზე უნდა უყარონ კენჭი. ნარმანია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

“ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები ორი დღის წინ გავიდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე. შესაბამისად, პარლამენტის დეპუტატებისთვის მიდგომები და ამოცანები, რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ნაცნობია. ველოდები მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ უმრაველსობის მხრიდან მოხდება მხარდაჭერა. ოპოზიციას ვუპასუხებდი, ნახონ ჩემი გამოცდილება, ნახონ საკითხებ,ი რომელიც მე თავის დროზე მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული და ნაკვლევი. ამიტომ, ვურჩევდი, რომ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება. ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე,  ვიმუშავე დღე და ღამე. წელიწადნახევარი მინისტრის რანგში და შემდეგ დედაქალაქის მერის რანგში. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ეს ყველამ კარგად იცის, არაერთი ანგარიში და პტეზენტაცია გაკეთებულა და ეს მოსახლეობამ კარგად იცის, ასე რომ ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით – რა გააკეთა დავით ნარმანიამ, წესით არ უნდა დაისვას. ამას ვინც სვამს, არიან პოლიტიკური ოპონენტები და იმის გამო რომ არიან ოპონენტები, უნდა დასვან ეს კითხვები. ყველას აქვს თავისი მოსაზრება, მე პიარზე ნაკლებად ვმუშაობდი, ჩემთვის უმთავრესი იყო საქმის კეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი”,- აღნიშნა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.

კითხვას,  სემეკ-ის რიგითი წევრობის შემდეგ, ხომ არ ჩაანაცვლებს თავმჯდომარეს,  ნარმანიამ ასე უპასუხა:

“აქამდეც არაერთი ჭორი გავრცელებულა, ახლაც ვრცელდება ჭორი. მოდით, მივყვეთ მოცემულობებს. ამასთან დაკავშირებეით კომენტარს არ გავაკეთებ”.