დავით ნარმანია - ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს, რომ რუსთავში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს
დავით ნარმანია - ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს, რომ რუსთავში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს

რუსთავის მერის მომართვის საფუძველზე, საკითხის განხილვას ჩავნიშნავთ და კომისიის გადაწყვეტილებითვე დაევალება კომპანიას მეტი აქტივობები, რომელიც სჭირდება ქსელის რეაბილიტაციას. ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს, რომ არსებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს რუსთავის მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც რუსთავის წყალმომარაგებაში მეტი ინვესტიციის ჩადებაზე იყო საუბარი.

„აქტიურად უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო პროექტები, რომელზეც კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არის მზაობა. რუსთავის მერის მომართვის საფუძველზე, საჯარო მოსმენას და საკითხის განხილვას ჩავნიშნავთ, რომლის საფუძველზეც, კომისიის გადაწყვეტილებითვე დაევალება კომპანიას მეტი აქტივობები, რომელიც სჭირდება ქსელის რეაბილიტაციას. შესაბამისად, ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს, რომ არსებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს რუსთავის მუნიციპალიტეტში. პრობლემის ბოლომდე მოგვარებას რამდენიმე წელიწადი სჭირდება, თუმცა გადაუდებელი რაც არის, ამაზე ინტენსიური სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ჩვენც და მუნიციპალიტეტიც, საკუთრივ კომპანიაც ვაცნობებთ მოსახლეობას“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, რუსთავში წყალმომარაგების პრობლემის თაობაზე სემეკ-ი ინფორმირებული იყო, თუმცა პრობლემა უფრო მასშტაბურია.

„ჩვენ როცა ბოლო ტარიფი დავადგინეთ „რუსთავის წყლის“ კომპანიისთვის, მათ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციებიც შევუთანხმეთ, თუმცა პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე შეთანხმებული საინვესტიციო პროექტებია. მოხდება ამ საინვესტიციო პროექტების გადახედვა და უფრო მეტი რესურსის მობილიზება. დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი ჯერ არ გვაქვს, თუმცა ვაანალიზებთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით წყვეტებს და მათ სიხშირეს. ამაზე ცალკე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და როცა იქნება კომპანიის მოსმენა, ანალიზს და შედეგებს მოახსენებენ კომისიას, ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რუსთავის წყალმომარაგებაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რუსთავის მერიამ სემეკ-ს წერილით მიმართა.