დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის
დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მთავრობასთან ერთად აპირებს, რათა კურსის რყევის შემთხვევაშიც ამან გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ეროვნული ვალუტის კურსის რყევის ფონზე ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი განიხილეს. ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივ აირზე ამჟამად დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა 31 დეკემბერს ეწურება, ამიტომ მიმდინარე ეტაპზე სემეკ-ი აქტიურად სწავლობს გაზის მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიების მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმებს, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია ტარიფს ადგენს.

სემეკ-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტარიფის დადგენისას დიდი მნიშვნელობა სამ კომპონენტს ენიჭება, როგორიცაა ენერგოკომპანიების მომავალი წლის საინვესტიციო გეგმა, ვალუტის კურსი და საოპერაციო ხარჯები.

„ინვესტიციების მოცულობა დიდწილად სისტემის გამართვას ემსახურება. კერძოდ, გაზგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, მრიცხველების გამართვას, რაც გაზის ხარისხიან და სტაბილურ მიწოდებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ კომპანიების განაცხადებს, ამაზე დაყრდნობით ვწურავთ წინადადებებს და საბაზრო ფასებით ვამტკიცებთ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმებს. ასევე, ვსწავლობთ პროექტების მიზანშეწონილობას და თუ პროექტი მიზანშეუწონელია, არ ვითანხმებთ. ასე რომ, ერთია, კომპანიები რას წარმოადგენენ და მეორე, ჩვენ რას ვამტკიცებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია გაზის ტრანსპორტირებისა და მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო განაცხადები. რაც შეეხება აზერბაიჯანულ „სოკარს“, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავრი მომწოდებელია და „თბილისი ენერჯის“, რომელიც დედაქალაქში გაზგამანაწილებელი ქსელს ფლობს და მართავს, მათი საინვესტიციო განაცხადები უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

რაც შეეხება პროგნოზს, თუ რამდენად მოსალოდნელია ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სემეკ-ის თავმჯდომარის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა ტარიფის ზრდის საფუძველს არ იძლევა.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მის დაქვემდებარებაში მყოფ ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან, რომელსაც ბუნებრივი აირის გარკვეული რესურსი აქვს. სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანულ „სოკართან“, რომელიც გაზის დიდი წილის მომწოდებელია. ამ მოცემულობების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, გაზის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, ვალუტის კურსის ბოლო პერიოდის ოპტიმისტური მაჩვენებლებიც გარკვეული თვალსაზრისით ამცირებს ამ მოლოდინს. გასულ წელს, როდესაც ერთწლიანი ტარიფი დადგინდა, ლარის კურსი 2.66 იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, თუ ბოლო რამდენიმე დღეს არ ჩავთვლით, სცენარი პესიმისტური იყო – ახალა შედარებით ოპტიმისტურია. მიუხედავად ყველა მოცემულობისა, ქვეყანაში არსებობს კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც მთავრობასთან ერთად ვაპირებთ, რათა კურსის რყევის შემთხევაშიც ამან ტარიფზე გავლენა არ მოახდინოს“, – განუცხადა დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი