დავით ნარმანია - დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული
დავით ნარმანია - დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანია აზრით, ყველაზე მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი და უნდა იქნას გათვალისწინებული, რა სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენას გამონახავენ და საკითხთან მიმართებით რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული. ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს და შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში, უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ამ ქვეყნებში გაედინება ჩვენგან ვალუტა, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ნარმანია.

დატოვე კომენტარი