დავით ნარმანია აცხადებს, რომ ზამთრის პერიოდში კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობის მიერ დახარჯული თანხა 200 მილიონს აღემატება
დავით ნარმანია აცხადებს, რომ ზამთრის პერიოდში კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობის მიერ დახარჯული თანხა 200 მილიონს აღემატება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ზამთრის პერიოდში მოსახლეობის მიერ 200 კუბური მეტრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყალმომარაგების საფასურის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობის მიერ დახარჯული თანხა 200 მილიონ ლარს აღემატება.

„დასრულდა მოსახლეობის ნაწილში ზამთრის პერიოდში სუბსიდირება, რომელსაც საქართველოს მთავრობა მისივე გადაწყვეტილების საფუძველზე, ოთხი თვის განმავლობაში ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სუბსიდირდებოდა ის მოსახლეობა, რომელიც თვეში მოიხმარდა 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას, ამავე კატეგორიის მოსახლეობისთვის ხდებოდა დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირება, ასევე ცალკე იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სუბსიდირება. ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც 200 მილიონ ლარს აღემატება“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, მოსახლეობას, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას 300 კილოვატ საათამდე, ტარიფის ნაზარდი უსუბსიდირდება.

„როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ სამნახევარი თეთრით გაზარდა ტარიფი, ეს ნაზარდი მოსახლეობას უსუბსიდირდება მთელი წლის განმავლობაში, ისევე როგორც კომერციულ სექტორს, რომლებიც საქმიანობენ კვების მრეწველობაში. ასეთი ტიპის ბიზნესს ასევე 50 პროცენტით მთელი წლის განმავლობაში უსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი. ჯამში, სამივე სექტორში კომუნალური სუბსიდიით რამდენიმე მილიონმა მოსახლემ ისარგებლა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიას ინფორმაციით, 10 ათასამდე მოქალაქემ უარი განაცხადა სუბსიდირებაზე.

„მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად გადაეხადათ. გამოიჩინეს რა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უარი თქვეს კომუნალურ სუბსიდიაზე და ამით შეუწყვეს ხელი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, რომელიც მთავრობამ სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.