დავით მუჯირი უმცროსი - „თელავი“ ყოველთვის მიზიდავდა და დაუფიქრებლად გადავედი #1TVSPORT
დავით მუჯირი უმცროსი - „თელავი“ ყოველთვის მიზიდავდა და დაუფიქრებლად გადავედი #1TVSPORT

„თელავის“ ახალწვეულმა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა დავით მუჯირმა „ზლატე მორავცეში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და სამშობლოში დაბრუნებასა და „თელავში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„სლოვაკურ „ზლატე მორავცეში“ შარშან ვთამაშობდი, სადაც მართალია, ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, მაგრამ იქ წასვლას საერთოდ არ ვნანობ. სლოვაკეთში განვლილი პერიოდი განვითარებაში ძალიან დამეხმარა, რაც ვფიქრობ, ჩემი პროგრესის ნაწილია და ყველანაირად ვეცდები, უფრო მოვუმატო. რატომ „თელავი“? ეს გუნდი ბრძოლისუნარიანობით მიზიდავდა. ჩამოსულს საფეხბურთო გარემო და ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა. სეზონის დაწყებამდე როდესაც გავიგე, რომ „თელავში“ თამაშის ვარიანტი იყო, გადაწყვეტილება ისე მივიღე, არც დავფიქრებულვარ. საწყისი ტურები ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ მართლაც ბევრი თამაში გველოდება და ყველანაირად ვეცდებით, რაც შეიძლება ბევრი თამაში მოვიგოთ და თელაველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს დავით მუჯირი.

23 წლის თავდამსხმელი საფეხბურთო დინასტიიდანაა – ბაბუა, პირველი დავით მუჯირი ლეგენდარული „დინამოს“ მცველი იყო, მამა, ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი უმცროსი „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების შემტევი იყო, თავად კი თავდამსხმელია. „თელავის“ პრესსამსახურთან საუბარში მუჯირი ამბობს, რომ მისთვის თამაში არავის დაუძალებია.

„ამ სახელისა და გვარის ტარება მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის ვცდილობ, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ღირსეულად ვატარო. ჩემთვის ფეხბურთელობა არავის დაუძალებია, პირიქით, მამა სულ მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში მე რაც მინდოდა, ის მეკეთებინა ყოველთვის, მაგრამ ფეხბურთმა ადრეული ასაკიდანვე გამიტაცა და გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი“, – აცხადებს „თელავის“ თავდამსხმელი.