დავით მუჯირმა უმცროსმა, ანუ მესამე მუჯირმა, საჩხერის „ჩიხურაში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა. იგი თბილისის „მერანთან“ მატჩის 87-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ტექნიკურად გადაუგდო თავზე.
„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში იყო. ძალიან მიხარია, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით და ჩემი გოლით გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ასევე მიხარია, რომ ვარ მესამე დავით მუჯირი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში გოლი გაიტანა და გვარის ისტორიას რომ ვაგრძელებ,“ – ამბობს ფეხბურთელი.
დავით მუჯირი უმცროსი ცნობილი ფეხბურთელის, საქართველოს ნაკრების შემტევის, დავით მუჯირის ვაჟია, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია. მისი ბაბუაც, ასევე დავით მუჯირი გასული საუკუნის 70-80-იანი წლებში თბილისის „დინამოს“ მცველი იყო.
უმცროსი მუჯირი თამაშობდა „ანტალაისპორის“ და „შერიფის“ დუბლშემადგენლობაში, „ვიტ ჯორჯიაში“, წელს კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა, მაგრამ იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ გადავიდა.