დავით მუჯირი - საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 45 ათასამდე უნდა გავზარდოთ #1TVSPORT
დავით მუჯირი - საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 45 ათასამდე უნდა გავზარდოთ #1TVSPORT

დავით მუჯირმა 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფა-სთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის ამბიციური გეგმა დააანონსა – მათი მიზანი მოთამაშეთა რაოდენობის მკვეთრი გაზრდაა.

„სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მასობრიობას. ასე მაგალითად, მოთამაშეთა რაოდენობა 18 ათასიდან 38 ათასამდე გაიზარდა. 120 ფეხბურთელი გოგონა იყო, დღეს 10-ჯერ მეტი გვყავს. ფუტსალის ჩემპიონატში გუნდების შეკრება ჭირდა, ახლა კი ორი ლიგაა და მალე 19-წლამდელთა ჩემპიონატს ჩავატარებთ, რადგან უეფა ამ ასაკის ჩემპიონთა ლიგასაც იწყებს. ზოგადად, ამით დაკმაყოფილება არ გვსურს – ჩვენი მიზანი მოთამაშეთა რაოდენობის 45 ათასამდე გაზრდაა. მაგრამ საამისოდ აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურაზეც, რისთვისაც სფფ ბევრს აკეთებს“, – აცხადებს დავით მუჯირი.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბოლო წლებში უეფა-მ საქართველოს უმაღლესი სამწვრთნელო კურსების ჩატარების და ლიცენზიის გაცემის უფლება დართო.

„ჩვენთვის მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გვაქვს ბედნიერება, რომ საქართველოში პროფ-ლიცენზიის კურსები ჩავატაროთ, რაც უფლებას იძლევა, რომ სპეციალისტმა ნებისმიერ დონეზე იმუშავოს. შედეგად, ჩვენ უკვე გვყავს 60-მდე პროფ-ლიცენციის მქონე მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ლიგაში და ზოგადად, ჩვენს ფეხბურთში მწვრთნელებზე მოთხოვნები გამკაცრდება“, – ამბობს მუჯირი.