დავით მუჯირი რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას უარყოფს - ჩვენი ახალი პარტნიორი ირლანდიური კომპანიაა
დავით მუჯირი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული კომპანიის ნაცვლად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშების ტრანსლაციის უფლება რუსულ კომპანია „ინსტასპორტს” გადასცა.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მატჩების ტრანსლირებას ირლანდიური კომპანია ახორციელებს.
„მესამე წელია, რაც ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის მატჩების ტელერეპორტაჟები ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის საშუალებით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ამ ეტაპზე კი, სფფ-მ ექვსთვიანი ხელშეკრულება ირლანდიურ კომპანიასთან გააფორმა. მათ რეპორტაჟებში დაამატეს სტატისტიკური მაჩვენებლები – როგორც ინდივიდუალური, ასევე – გუნდური. ამავე დროს, ეს უფრო სარფიანი წინადადება იყო. ხელშეკრულება ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებთ გავაფორმეთ“, – ამბობს მუჯირი.
ბოლო პერიოდში ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, დავით მუჯირმა იმედი გამოთქვა, რომ ვითარება გამოსწორდება.
„ამის თაობაზე კომუნიკაცია წინა კომპანიასთანაც გვქონდა. ახლა თადარიგი დავიჭირეთ და ექვსთვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რეპორტაჟები კი, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. იმედია, როგორც წინა პერიოდში მოხერხდა ხარისხის გაუმჯობესება, იმავეს ირლანდიური კომპანიაც შეძლებს. საერთოდ, იმედი მაქვს, რომ ხარისხიც გაუმჯობესდება და თანამშრომლობას იმ კომპანიასთან გავაგრძელებთ, რომელმაც სარფიანი წინადადება შემოგვთავაზა“, – აცხადებს მუჯირი.