დავით მუჯირი - მზად ვართ, გოგონათა სხვა ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ
დავით მუჯირი - მზად ვართ, გოგონათა სხვა ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ

უეფასა და ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელთა ვიდეოკონფერენციის შესახებ კომენტარი დავით მუჯირმა გააკეთა.

„ბელარუსთან მატჩი შემოდგომისთვის გადაიდო, მაგრამ ჯერ თარიღი უცნობია. ჩვენი ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლში ექვს თამაშს გამართავს და ამას ევრო 2020-ის პლეიოფის ორი მატჩიც დაემატება. ამიტომ უეფამ უნდა იმსჯელოს, ეს რვა მატჩი სამ სანაკრებო ფანჯარაში როგორ გადაანაწილოს. სამწუხაროა, 17-წლამდელების ელიტრაუნდი და ევროპის ჩემპიონატი საერთოდ რომ გაუქმდა და ჩვენი ნაკრები ვეღარ ითამაშებს. 19-წლამდელების ელიტრაუნდი კი შემოდგომისთვის გადაიდო, რადგან აქედან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურების მფლობელები უნდა გაირკვეს“, – ამბობს მუჯირი.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის გაუქმებაზეც ილაპარაკა, რომლისთვისაც საქართველოს უნდა ემასპინძლა:

„სამწუხაროა, რომ წელს 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს ვეღარ ვუმასპინძლებთ, რადგან უეფამ წლევანდელი გათამაშება საერთოდ გააუქმა. უეფასთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენ მზად ვართ, საქართველომ გოგონათა მსგავს ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლოს“.