დავით მუჯირი - მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში ნგრევის ზონაში მყოფი ქართველი ლეგიონერები უსაფრთხო ადგილებში დროულად გადავიყვანოთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირშია თურქეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჟამად საწვრთნელ პროცესს გადიან და, საბედნიეროდ, არცერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცახდა.
ყველაზე რთული ვითარება საფეხბურთო კლუბ „ჰატაისპორშია“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს. მისი ოთხი თანაგუნდელი დაშავდა, განელი კრისტიან აცუ ნანგრევებიდან დაშავებული ამოიყვანეს, სპორტული დირექტორი კი ნახეს, მაგრამ ჯერ ვერ ამოიყვანეს.
ჰათაიში მიწისძვრამ უდიდესი ნგრევა გამოიწვია. გუნდის წევრების დაშავების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მწვრთნელმა ვოლქან დემირელმა დახმარებისთვის სოციალური მედიის საშუალებით მიმართვა გაავრცელა. ფეხბურთელები ბურაქ ოქსიუზი, კერემ ალიჩი, ბერთუგ ილდირიმი და ონურ ერგუნი ნანგრევებიდან ამოიყვანეს და უსაფრთხოდ არიან. ნანგრევებში მოყოლილი „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან აცუ ნანგრევებიდან დაშავებული ამოიყვანეს, ხოლო სპორტული დირექტორის, ტანერ სავუტის მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ამის შესახებ გუნდის პრესმდივანმა, მუსტაფა ოზატმა beIN Sports-თან განაცხადა.
„საშინელი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ თურქეთს და მის ხალხს. საბედნიეროდ, იქ მოთამაშე ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს (საბა ლობჟანიძე და გიორგი ბერიძე), ასევე გოგონათა ეროვნული ნაკრების 7 წევრს არაფერი ემუქრება. მათთან, კავშირზე ვართ როგორც მე, ასევე ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ნაკრები გუნდების მენეჯერები. ამ წუთშიც სახიფათო ზონებში მყოფების ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო გამოყვანაზე ვმუშაობთ.
თურქეთში შეკრებაზე იმყოფებიან ჩვენი გუნდები და სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლები და საფრთხე ამ ეტაპზე არც მათ სიცოცხლეს ექმურება. პირადად მე მქონდა გუნდებთან და მსაჯებთან კომუნიკაცია. ისინი შეკრებაზე ისეთ ადგილზე იმყოფებიან, მიწისძვრა კი იგრძნეს, მაგრამ ნგრევა არ ყოფილა და, შესაბამისად, საფრთხე არ ემუქრებათ და უსაფრთხო ზონაში არიან.
უფრო იმათი მდგომარეობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ნგრევის ზონაში არიან. ზოგიერთის გამოყვანა ამ ეტაპზეც პრობლემატურია – ზამთარია, ზოგან თოვლია, გადაადგილება რთულია და ავიარეისები გადატვირთულია. შესაბამისად, ვცდილობთ, ასეთ ზონებში მყოფი ქართველი ლეგიონერები დროულად გამოვიყვანოთ და უსაფრთხო ადგილებში გადავიყვანოთ.
ჩემს თურქ კოლეგას გუშინ, დილითვე ვისაუბრე. რთული მდგომარეობის მიუხედავად, თავად გვითხრეს, ჩვენი პირადი დახმარება მოთამაშეებთან მიმართებაში ხომ არ გჭირდებათო. თუმცა, ვცდილობთ, ამ მძიმე მომენტში ტვირთად არ დავაწვეთ და ქართველ ფეხბურთელებს ჩვენი საკონსულოს დახმარებით უნდა დავეხმაროთ“, – ამბობს დავით მუჯირი.