დავით მუჯირი ბელარუსთან შეხვედრაზე - უეფაში არავის უთქვამს, რომ მაყურებლების გარეშე ვითამაშებთ
დავით მუჯირმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები, მათ შორის საქართველო-ბელარუსის მატჩი, მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელარუსს მაყურებლების გარეშე ვუმასპინძლებდით. ჩვენ უეფასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს კი არცერთი ქვეყანა არ დაუვალდებულებია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაატაროს. იმედია, მსოფლიოში და საქართველოში არსებული პოზიტიური ძვრები მოგვცემს საშუალებას, რომ მაყურებელი სტადიონზე უახლოეს პერიოდში დაუშვან, მათ შორის ბელარუსთან შეხვედრაზე“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი.
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი 26 მარტს თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაიდო ჯერ ივნისისთვის, შემდეგ კი – შემოდგომისთვის. ამ მატჩების შესახებ უეფა-ს აღმასკომს 27 მაისს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა 17 ივნისისთვის გადადო – ევროპული ფეხბურთის სახლში ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების თარიღისა და მაყურებლის დაშვების საკითხზე ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან.