დავით მირცხულავა - „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
დავით მირცხულავა - „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით, ეს ბუნებრივია, სამართლიანია, თუმცა, ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლენა იქნება მინიმალური. თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი, საზოგადოებრივი მონიტორინგი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ჰიდროელექტროსადგურზე საქართველოს ენერგოსისტემისთვის, – ამის შესახებ დავით მირცხულავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკისთვის თუნდაც ის არის, რომ ჰესს შეეძლება, ფაქტობრივად, მილიარდ-ნახევარი კილოვატსაათის გამომუშავება სწორედ პიკის საათებში, როცა ყველაზე ძვირია იმპორტირებული ელექტროენერგია.

„რეალურად, დღესაც თუ შევადარებთ იმპორტირებული ენერგიის ფასს, მაგალითად, რუსეთიდან, დღის საათებში, ის გაცილებით მეტია, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტით არის „ნამახვანთან“ განსაზღვრული – თითქმის ორ ცენტამდე აღწევს სხვაობა. ესე იგი, „ნამახვანი ჰესის“ საშუალებით ჩვენ, საკუთარი რესურსით ჩავანაცვლებთ პიკურ ენერგიას“, – აღნიშნა მირცხულავამ.

ექსპერტის აზრით, ასეთ სადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისთვისაც – საუბარია დაახლოებით 1350 მგვტ ქარისა და დაახლოებით 500 მგვტ-ზე მეტი მზის ენერგიის ინტეგრირებაზე. მირცხულავას თქმით, სწორედ ამ განახლებადი ენერგიის რესურსის სრულად ათვისებისთვის ესაჭიროება ქვეყანას ისეთი სარეზერვო სიმძლავრეები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს „ნამახვანი ჰესს“.

„პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მახასიათებლებით – წარმოიდგინეთ, საქართველოს ბიუჯეტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი ინვესტიცია, რაც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება. ამის შეცვლა რაიმეთი წარმოუდგენელია და ამას უზარმაზარი გავლენა ექნება სწორედ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.