დავით მირცხულავა - „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებით, შესაძლოა, კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდეს
დავით მირცხულავა - „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებით, შესაძლოა, კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდეს

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებით, შესაძლოა, კომერციულ სექტორში გაზის კონკურენტული ფასი გაჩნდეს.

როგორც მირცხულავა აცხადებს, კომერციულ სექტორში საქართველოში რეგიონიდან ყველაზე მაღალი ფასია, შესაბამისად, კონკურენტული ფასის გაჩენა კარგი იქნება.

მისი თქმით, საკითხი არ ეხება მოსახლეობისა და ენერგოსექტორის გაზმომარაგებას, არამედ საუბარია, რომ კომერციულ სტრუქტურებს მიეცემათ საშუალება, გაზი საკუთარი მოხმარებისთვის შემოიტანონ.

„ვფიქრობ, ეს არ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. პირიქით, შესაძლებელია, კომერციულ სექტორში გარკვეული კონკურენცია შექმნას“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული სექტორში ახალი მიმწოდებლის არსებობა და ფასის გაიაფება, ქართულ ეკონომიკას წაადგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაასრულა. ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.