დავით მათიკაშვილი - ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს
ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამოწვევაა სასამართლო რეფორმა, რომელიც 2012 წლიდან მომდინარეობს. რეფორმის სამმა ტალღამ ჩაიარა, რამაც საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ევროპელი კოლეგებისგან.
„ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით მიმდინარეობს მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა. ყველაფერი ხორციელდება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს, მისი ფორმირების წესი არის კონსტიტუციურ დონეზე გაწერილი, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. არ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე რამე ისეთი გადაწყვეტილებებია ამ კუთხით საჭირო. თუკი არსებობს რაიმე სახის ინიციატივა, შეგვიძლია, ამაზე გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილება იქნება ის გადაწყვეტილება, რომლითაც „ქართული ოცნება“ იხელმძღვანელებს.
თამარ ჩუგოშვილის ამ ინიციატივასთან გუნდის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რაიმე სახის მყისიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. რაც შეეხება წინადადებებს, ის აუცილებლად განიხილება, თუკი ასეთი იქნება და ვიმოქმედებთ მიღებული გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.