დავით მათიკაშვილი – სრულიად გამჭვირვალეა პარტიების აკრძალვის სამართლებრივი რეალიზაცია, რაც ცალკეული ძალების მიერ დიქტატორისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული, ეს არის მტკნარი სიცრუე

11:39, 28.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი გრძელდება. გუშინ ვაკვირდებოდით, „ნაცმოძრაობამ“ უტიფარი ტყუილებით რეკორდს როგორ გადააჭარბა. საზოგადოების შეურაცხყოფა იყო, თითქოს „ნაცმოძრაობას“ დანაშაული არ ჩაუდენია თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს პარტიების აკრძალვის დემოკრატიული პროცესი.

„ეს პროცესი ნეგატიურად არის შეფასებული როგორც ქვეყნის გარედან, ევროპუროკრატის, ასევე მეხუთე კოლონის მიერ. საზოგადოებას შევახსენებ, ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტია აიკრძალა. ვინმეს სადმე პროტესტი გაუგია? ევროპუროკრატიიდან ვინმემ ხმა ამოიღო? მოლდოვაში ბოლო სამი წლის განმავლობაში რვა პოლიტიკური პარტია აიკრძალა. ამ პროცესს რაიმე ფორმით ვინმემ გამოეხმაურა? ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში 150-მდე პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მათ შორის გერმანიაში, ესპანეთში. სადმე ვინმეს დემოკრატიულ უკუსვლაზე პრეტენზია ჰქონია? არა, რადგან ეს პროცესი კონსტიტუციურობის ფარგლებში არსებული პროცედურაა, რომელიც კონსტიტუციის, სახელმწიფო წესრიგის და სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ მიმართულ პარტიებს კრძალავს. საქართველო, როდესაც დემოკრატიული აღმშენებლობის კუთხით არსებით სოლიდურ ნაბიჯს დგამს და სრულიად გამჭვირვალედ, მთელი მსოფლიოს დასანახად ახორციელებს ამ საკითხის სამართლებრივ რეალიზაციას, სასამართლო განხილვის და განჯის პირობებში, ეს ცალკეული ძალების მიერ არის დიქტატორისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასებული. ეს არის მტკნარი სიცრუე და კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ამ ანტიქართული ძალების სურვილებს, რომ საქართველოში დაქვემდებარებულები ჰყავდეთ და ისე მართონ პროცესები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი