დავით მათიკაშვილი – შეუგუებლობა აქვთ ევროპულ სტრუქტურებში იმ გადაწყვეტილების, რაც გააჩნია ქართველ ხალხს, ამიტომ არ ერიდებიან და წერენ ყოველგვარ ტყუილს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც კაპიკი აქვს ფასი

00:23, 25.06.2026

როგორც ევროკავშირიდან, ასევე ევროსაბჭოდან, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ცდილობენ, გააკვირვონ ქართული საზოგადოება და გააოცონ ქართველი ხალხი, უფრო მეტ ტყუილს, ცილისწამებას და თავდასხმის ახალ ფორმებს ვინ, რომელი უწყება, თუ კონკრეტული ევრობიეროკრატი მოიფიქრებს, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ გააკვირვებს, – ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირდება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ანგარიშის მიღება საქართველოს შესახებ – ერთი კვირის წინ ევროპარლამენტში და ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ორივე დოკუმენტში კი პრაქტიკულად, იდენტური მოწოდებები, იდენტური წუხილები და შეშფოთებაა.

„მართლაც, იმდენი ზღვარს, ფსკერს დაშვებული ტყუილი და ცილისწამება გვაქვს ჩვენ ბოლო პერიოდის, მინიმუმ, ოთხი წლის განმავლობაში მოსმენილი, რომ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს არის კიდევ ერთი აშკარა და ღია გამოხატულება იმისა, რომ შეუგუებლობა აქვთ მათ იქ, ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში იმ გადაწყვეტილების, რაც გააჩნია ქართველ ხალხს. არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, ამიტომ, არ ერიდებიან და წერენ ყოველგვარ ტყუილს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც კაპიკი აქვს ფასი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამას და შეიძლება, ეს ფრაზაც გაცვდა, რომ კაპიკი აქვს ფასი, მაგრამ ასეა და სხვანაირ შეფასებას ვერ მივცემთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, როგორც ევროპარლამენტს, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ამ კონკრეტულ სტრუქტურას ნაკლებად უსმენენ და ეს კარგია, რომ ნაკლებად უსმენენ.

„უკვე ამდენს კადრულობენ, რომ ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი არსებითი საფუძვლის გარეშე ცდილობენ, დათო, თამთა, გიორგი და ასე შემდეგ საქართველოში ისე კი არ მოიქცნენ, როგორც მათი ქვეყნის ინტერესებს აწყობს და როგორც საქართველოსთვის იქნება უკეთესი, არამედ მოიქცნენ ისე, როგორც აწყობთ მათ და ასე არ გამოვა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებში საარჩევნო ურნებთან იდგა და ხმას აძლევდა იმ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პოლიტიკურად ენდობა.

„არ ენდობიან ქართველები „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ენდობიან იმ მეხუთე კოლონას და იმ ადამიანებს, ვისი მოყვანაც უნდათ ამ სტრუქტურებს საქართველოში. ქართველი ხალხი ენდობა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უწყვეტ მშვიდობას უზრუნველყოფს ბოლო 14 წლის განმავლობაში და, რომელმაც შექმნა უპრეცედენტო ეკონომიკური საფუძვლები; ეს ხომ სიტყვის მასალა არ არის? უპრეცედენტო ზრდა არის ეკონომიკის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, EBRD-ის და ასე შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების დადგენილი, გაზომილი კონკრეტული მათემატიკური მოცემულობაა ეს. ამ ყველაფერში ჩვენ გვეუბნებიან, იცით რა, თქვენ კეთილი ინებეთ და დათქმებით, აი, თქვენ მოგცემთ მანდატს ერთ კონკრეტულს, მაგრამ დანარჩენებს არა, ან, თუ ასე მოიქცევი და ცალ ფეხზე არ დადგებით და რაღაცებს არ იზამთ და არ მოიმოქმედებთ, რომელიც პირდაპირ ვიცით, ზუსტად ვიცით, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, არ მოგცემთ და ა.შ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროსტრუქტურების მხრიდან ქართული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე საუბარი მიდის იმ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური ველი მუდმივად არის დაკავებული ნახევრად კრიმინალური ძალებით, რომელიც ფინანსდებოდა უწყვეტად და, რომელსაც მუდამ ანტიქართული, საკუთარ სამშობლოს წინააღმდეგ პოლიტიკა გააჩნდა.

„ველი ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალებმა ხომ უნდა დაიკავოს და როგორ შეიძლება, დემოკრატია განვითარდეს ისე, სადაც არ იქნება ჯანსაღი ოპოზიცია? შეიძლება, მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, რომ კრიმინალები, რადგან მათ აქვთ მორგებული და კოხტად აცვიათ პოლიტიკოსების მანტიები, ასე ჩამოსკუპებული იყვნენ ყველგან და პირდაპირ გვეუბნებოდნენ, იცით რა, ჩვენ ხელშეუხებლები ვართ? მერე რა, რომ ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში ქართველებს კინაღამ ხოცვა-ჟლეტაში ამოვხადეთ სული? მერე რა, რომ ტერიტორიების 20% ჩავაბარეთ ოკუპანტს? მერე რა, რომ 2012 წლის შემდგომ დღე არ გადიოდა და ნაბიჯი არ იდგმებოდა საქართველოს პროგრესის, რომ ამ პროგრესის მამოძრავებელი მანქანის ბორბალში ჯოხი არ შეერჭოთ? გახსოვთ თქვენ კანდელაკის მოგზაურობა და მუხლის ჩოქვით სიარული, ნუ გაუფორმებთ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასო. ევროპარლამენტი იქნება, თუ ევროსაბჭო, დღესაც რომ გამობრძანდებიან იქაური დეპუტატები, ჰკითხეთ აბა, ვისგან იღებენ ისინი ინფორმაციას და ვისგან არიან გაჯერებული ამდენი ტყუილით და სისულელით? ეს არ არის ეს ძალა, თუ რამე გვეშლება? თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ გადაწყვეტილებით ვინმე გავაუქმეთ? არა, ბატონო, სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი