დავით მათიკაშვილი - საქართველოს მიმართ ჯო უილსონის დამოკიდებულება ტყუილებით, ცილისწამებით არის სავსე, რას უხდიან ან ასეთი რა ჯამაგირი აქვს, რის ხარჯზეც ამდენ ტყუილს კადრულობს?
საქართველოს მიმართ ჯო უილსონის დამოკიდებულება ტყუილებით და ცილისწამებით არის სავსე. ამ ადამიანს რას უხდიან ან ასეთი რა ჯამაგირი აქვს, რის ხარჯზეც ამდენ ტყუილს კადრულობს? მისგან საქართველოს მიმართ ცილისწამება ცილისწამებაზე მოედინება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „უილსონი უარს არაფერზე ამბობს, ოღონდ ის გეზი გააგრძელოს, რაც საქართველოს მიმართ სრულად მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს“.
ამასთან, დავით მათიკაშვილი დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილს გამოეხმაურა.
„ამერიკის პრეზიდენტის მიმართ გაგზავნილი წერილი რეალობის ასახვაა. „მეგობარი აქტი“ რაღაცაზე დამყარებული ხომ უნდა იყოს, როცა ქვეყანას ჰაერიდან მოტანილ ცრუ ბრალდებებს უყენებენ? ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს კავშირები უნდა გაღრმავდეს. ამ მტრულ აქტში რასაც საუბრობენ, მას ჩვენგან ობიექტური პასუხი გაეცა. ამერიკასთან ურთიერთობისთვის მზად ვართ და ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღია, ურთიერთსარგებლიანი. შეგვიძლია, ეს პროცესი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. წერილს როცა აგზავნი და ამას რეაგირება არ მოჰყვება, საჯარო პოზიციის დაფიქსირება შემდეგ ხდება, რაც ჯანსაღი პროცესია. ამიტომ ჯო უილსონი და მისი ჯამაგირი, რაც აშკარად ლობიზმისთვის გადახდილია, არ ესადაგება იმ ურთიერთობას, რაც საქართველო-ამერიკას უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.