დავით მათიკაშვილი – როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა
წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც, ცინიკური ლექსიკის გარდა, რომლითაც ეს ადამიანები პარლამენტში გამოირჩევიან, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რასაც, ცხადია, სამწუხაროდ, ის შედეგი მოჰყვა, რაც მოჰყვა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში 26 ივნისს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ცხადია, საზოგადოებას ბოდიში ყველამ მოვუხადეთ. ზღვარს გადასულ ქცევას ადგილი არა მხოლოდ იმ დღეს ჰქონდა, არამედ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის თუ ფრაქციის მხრიდან პარლამენტში შემოსვლის დღიდან ვხედავთ. მათ ქცევას ვაკვირდებით, აქვთ რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა, აბსოლუტურად გაუგებარი და შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული. ამ ყველაფერს არ დასჯერდნენ და უკადრებელი იკადრეს, როცა კოლეგაზე თავდასხმა, პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმა მოხდა. ეს ყველამ კარგად დაინახა. შემდეგ დედის შეგინებამ, ხელის გარტყმამ და ა.შ. გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, თუმცა ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. მნიშვნელოვანია ის, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა. სწორედ წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც, იმ ცინიკური ლექსიკის გარდა, რომლითაც ეს ადამიანები პარლამენტში გამოირჩევიან, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რასაც, ცხადია, სამწუხაროდ, ის შედეგი მოჰყვა, რაც მოჰყვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.