დავით მათიკაშვილი - როცა ეუთო/ოდირმა 2024 წლის არჩევნებზე შესაბამისი დასკვნა დადო, სადაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის არჩეული ხელისუფლება, დაეთანხმნენ? არა, უგულებელყვეს, ფეხქვეშ გათელეს
სამწუხარო სურათია, როდესაც კონკრეტული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლობა საქართველოში ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას და ამ გამართლების ჭრილში ცრუ და ტყუილ ინფორმაციას კვლავაც ავრცელებს ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებები იწვევს ევროსკეპტიციზმს საზოგადოებაში.
„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მით უმეტეს დიპლომატები, ცდილობენ, ამ გზით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, იმდენად უხეშად გამოდის და იმდენად მყიფეა ის ტყუილი, რომელიც ამ ყველაფერში მოიაზრება, რომ, ცხადია, ეს გარკვეულ სკეპტიციზმს აჩენს. ამაზე რომ მეტი იფიქრონ ბრიტანეთის საელჩოში, კარგი იქნება. კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ არის წესი ეუთო/ოდირ-ის მისიების მოწვევის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ასე არ ხდება. როდესაც ეუთო/ოდირ0მა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა დადო, სადაც თქვა, რომ შედგა არჩევნები და „ქართული ოცნება“ არჩეული ხელისუფლებაო, დაეთანხმნენ ამ დასკვნას? ფეხქვეშ გათელეს. 2019 წლის არჩევნები როცა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, დაიდო ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრიტანეთმა არცერთი ის დავალება და რეკომენდაცია არ შეასრულა, რაც ორგანიზაციამ მისცა. თვითონ ბრიტანეთი ეუთო/ოდირ-ის მითითებებსა და დასკვნებს არ ასრულებს და რაში სჭირდება ამხელა ქვეყნის საელჩოს ასეთი ფსევდომეგობრული განცხადებები, რომელსაც საფუძველი რეალურად არ აქვს?“ – განაცხადა მათიკაშვილმა.